უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, რუსეთს მხოლოს 120 ბალისტიკური რაკეტა "ისკანდერი" დარჩა.
სკიბიცკი ამბობს, რომ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისას ტერორისტულმა ქვეყანამ თავისი თანამედროვე რაკეტების დაახლოებით 80% გამოიყენა.
"შესაბამისად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მონაცემებით, რუსეთს მხოლოდ 120 "ისკანდერი" დარჩა," - თქვა უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა.
სკიბიცკის თქმით, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ შეიტყო კრემლის გეგმების შესახებ. კერძოდ, უკრაინის ცნობით, რუსეთის ფედერაციამ ირანისგან Fateh-110 და Zolfaghar-ის ბალისტიკური რაკეტები შეიძინა.
"ჩვენ ვიცით, რომ შეთანხმებები უკვე მიღწეულია," - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა.
14 სექტემბერს, ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.
ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლება რამდენიმე ათეული ირანული დრონის განადგურებას იუწყებოდა. თუმცა, ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ "ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს".